თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი იმყოფებოდა

2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად ჰამბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი ლეანდრა ლილიე იმყოფებოდა.

სტუდენტმა კლინიკური სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტში (ხელმძღვანელი პროფესორი ირმა ჭოხონელიძე) გაიარა.


„ორი თვე ვიყავი პროფესორ ირმა ჭოხონელიძესთან შინაგანი მედიცინის მიმართულებით, ნეფროლოგიის დეპარტამენტში. ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში მონაწილეობა. ყოველდღიურად, ექიმებთან ერთად თვალყურს ვადევნებდი დიალიზის პროცესს, მქონდა პაციენტებთან კონსულტაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია ჩემთვის“, - ამბობს სტუდენტი.

როგორც ლეანდრა ლილიე აღნიშნავს, საქართველოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით ძალიან კმაყოფილია.

„საქართველოში, სტაჟირებაზე მეორედ ვიმყოფები. ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული პრაქტიკითა და გამოცდილებით, რადგანაც ვთვლი, რომ აქ მივიღე ხარისხიანი ცოდნა. სასიამოვნოა, როდესაც უყურებ მოტივირებულ ექიმებს, მათ ძალისხმევას და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს. 

აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას სტუდენტებს, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და ჩამოვიდნენ საქართველოში, იმუშაონ ქართველი ექიმების გვერდით. ძალიან მომწონს მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, პირდაპირი კომუნიკაცია, რაც გერმანიაში იშვიათია. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის“, - ამბობს ლეანდრა ლილიე. 

თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტში სტუდენტის საქმიანობა პროდუქტიულად შეაფასეს ექიმებმა. მათი თქმით, ლეანდრა ლილიემ აქტიური კლინიკური ჩართულობით გამოიჩინა თავი და მიღებული გამოცდილებით ძალიან კმაყოფილია.


„სტუდენტი ძალიან აქტიურად იყო ჩართული კლინიკის საქმიანობაში. ის კმაყოფილი იყო ყოველდღიური სამედიცინო საქმიანობით, ვინაიდან მას ჰქონდა საშუალება, გაესინჯა პაციენტები, ექიმებთან ერთად ემსჯელა კონკრეტულ სამედიცინო მაგალითებზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით უკუკავშირს მისი საქმიანობის შესახებ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლეანდრამ ჩვენთან დიდი გამოცდილება მიიღო“, - ამბობს ექიმი ნეფროლოგი, თსსუ-ის მოწვეული მასწავლებელი ნინო ბუაძე. 

აღსანიშნავია, რომ ლეანდრა ლილიე, მისი სურვილის შესაბამისად, საქართველოში სტაჟირების გასავლელად, მეორედ ჩამოვიდა. პირველ ჯერზე ის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში იმყოფებოდა.